963 მიმართვიდან, შვედეთმა თავშესაფარი საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მისცა
963 განხილული მიმართვიდან, შვედეთმა 2017 წელს თავშესაფარი საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მისცა. შესაბამისი სტატისტიკა შვედეთის საიმიგრაციო სააგენტომ გამოაქვეყნა.
უწყების მონაცემებით, შარშან შვედეთში თავშესაფარი სულ საქართველოს 1105 მოქალაქემ მოითხოვა. ამ მაჩვენებლით, საქართველოს სირია, ერაყი, ერიტრეა და ავღანეთი უსწრებენ.
შედარებისთვის, 2016 წელს 738 მიმართვა დაფიქსირდა. 1 192 განხილული საქმიდან კი მხოლოდ 16 დაკმაყოფილდა.
ევროკავშირის საბჭოს სავიზო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში ბრიუსელში გაიმართა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებლის მატებაზე საკითხი შვედეთმა და ისლანდიამ დააყენეს.