ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის მე-9 საჯარო სკოლაში ნოდარ ახალკაცის ბიუსტი გაიხსნა.
ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ფინანსური მხარდაჭერითა და ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა, სფფ-ის პირველი პრეზიდენტის, ლეგენდარულ მწვრთნელის ოჯახის წევრები, სფფ-ის ხელმძღვანელები და ვეტერანი ფეხბურთელები დაესწრნენ.
„ფეხბურთის ფედერაციის, თბილისის საკრებულოსა და მე-9 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობის ერთობლივი მცდელობით ძალიან კარგი საქმე გაკეთდა. ვფიქრობ, რომ ეს დიდი ქართველი მწვრთნელისა და პიროვნების სახელის უკვდავყოფას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა კახა ჭუმბურიძემ, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
თბილისის “დინამოს” ყოფილი კაპიტანის ალექსანდრე ჩივაძის თქმით, ნოდარ ახალკაცის წვლილი ქართულ ფეხბურთში ძალიან დიდია.
„ნოდარი თბილისის „დინამოს“ მე-20 საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. მისი წვლილი ქართულ ფეხბურთში ძალიან დიდია. რასაც თბილისის „დინამომ“ 1981 წელს მიაღწია, დიდწილად სწორედ ნოდარ ახალკაცის დამსახურებაა. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რომ მე-9 სკოლას ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა“, – განაცხადა ალექსანდრე ჩივაძემ.
მისივე თქმით, ვეტერანები თბილისის მერიას თხოვნით მიმართავენ, რომ ნოდარ ახალკაცის ქუჩაც გაიხსნას.
თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელის ვოვა გუცაევის განცხადებით, რაც ნოდარ ახალკაცმა საქართველოსთვის გააკეთა, ბევრმა ვერ მოახერხა.
„20-ე საუკუნეში საქართველოს ბევრი დიდი სიხარული არ ჰქონია – ახალკაცმა რაც ამ ქვეყნისთვის გააკეთა, ბევრმა ვერ მოახერხა. ამის გამო, იმსახურებს, მისი სახელი რომელიმე ქუჩას რომ მიენიჭოს”, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.
ბიუსტის გახსნას ესწრებოდა ნოდარ ახალკაცი-უმცროსიც, რომელმაც ოჯახის სახელით მადლობას გადაუხადა საქართველოს ფეხბურთს ფედერაციას, ვეტერანთა კავშირსა და მოქანდაკე გოგი შხვაცაბაიას.
„ასევე მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა. გვეამაყება, რომ ნოდარ ახალკაცს აფასებენ, რომ მისი, სახელი ახსოვს ყველას ვისაც ფეხბურთი უყვარს. 2 იანვარს მას 80 წელი შეუსრულდებოდა და კიდევ რამდენიმე ერთობლივ ღონისძიებას ვგეგმავთ”, – აღნიშნა ნოდარ ახალკაცი-უმცროსმა.