85 ქართველი მეხანძრე-მაშველი, როტაციის მიზნით, თურქეთის ქალაქ ადიამანში გაემგზავრა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 85 მეხანძრე-მაშველი, როტაციის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში გაემგზავრა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ქართველი მეხანძრე-მაშველების ახალი ჯგუფი იმ მეხანძრე-მაშველებს ჩაანაცვლებს, რომლებიც ამ დრომდე ახორციელებდნენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს. მუშაობას განაგრძობენ ადგილზე მოქმედი შტაბის ხელმძღვანელები და სპეციალიზებული მაშველები.
ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს. ადგილზე მოწყობილი საველე შტაბი ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან კოორდინაციით მუშაობს.
„ქართველი მაშველების ახალი ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით.
სამაშველო ჯგუფი, ასევე აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით.
ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს.
თურქეთის რესპუბლიკაში მიწისძვრით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში სამაშველო ჯგუფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.