84 წლის ქალის ძარცვაში ბრალდებულების დაკავებაზე შსს ინფორმაციას ავრცელებს
შსს-მ ძარცვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ჩ. და 1999 წელს დაბადებული რ.ო. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს ბათუმში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ მოქალაქეს თავი გაზის კომპანიის თანამშრომლებად წარუდგინეს და ბინაში მოტყუებით შეაღწიეს.
ბრალდებულებმა ბინის მფლობელს – 1932 წელს დაბადებულ ხ.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელები შეუკრეს და ბინიდან სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ოქროს სამკაულები მოიპარეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ორივე პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ბათუმში დააკავეს. ნაძარცვი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.