82 წლის ქალი, რომელმაც ბათუმში ვალის გამო გაყიდულ ბინაში ამწეთი შეაღწია, კლინიკაში გადაიყვანეს
82 წლის ალექსანდრა ტერუნი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბათუმში ვალის გამო გაყიდულ ყოფილ საცხოვრებელში ამწეთი შეაღწია, ტვინის შერყევით კლინიკაში მოხვდა.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მას ბინის ახალმა მესაკუთრეებმა მას შემდეგ სცემეს, როცა მოხუცი სამართალდამცველებმა გამოასახლეს, ის კი ეზოს დატოვებას არ აპირებდა.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში პირველ არხთან აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.
ალექსანდრა ტერუნმა ბინა გასული წლის 25 დეკემბერს დაკარგა. სახლი, რომელშიც 1983 წლიდან ცხოვრობდა, შვილიშვილმა დააგირავა, თუმცა ვალი ვერ გადაიხადა, რის გამოც კერძო იპოთეკარმა ბინა გადაიფორმა და გაყიდა. მოხუცი ქალბატონი ამტკიცებს, რომ ბინა თაღლითური გზით წაართვეს. საქმეს სასამართლო განიხილავს.