8 იანვრამდე ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოები შეწყდება და გზა გაიხსნება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე გზის გამყოფი ხაზების, საგზაო მონიშვნებისა და ქვეითთა გადასასვლელების დახაზვის სამუშაოებს გაეცნო.
ჭავჭავაძის გამზირი თაქთაქიშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე დროებით იხაზება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ აწარმოებს.
მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო, მესამე ეტაპის დაწყებამდე, 8 დეკემბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება.
კახა კალაძის თქმით, ამჟამად ტროტუარები სუფთავდება, რომელიც ახალი ფილებით არის მოწყობილი და მოპირკეთებული.
„საგზაო ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, ხვალ დილით, 09:00 საათზე დაიწყება ამ კონკრეტული მონაკვეთის მოასფალტება და ხვალ საღამოსვე დასრულდება. ეს არის დროებითი დახაზვითი სამუშაოები, რადგან 8 იანვრამდე ვაჩერებთ მუშაობას, გზა იქნება გახსნილი ჭავჭავაძეზე, შუქნიშნები – დაყენებული.
მოძრაობა აღდგება, როგორც იყო ძველად ჭავჭავაძეზე, თუმცა ჩვენ პარალელურად გავაგრძელებთ იმ პატარა სამუშაოებს, რომელიც გვაქვს დარჩენილი. ეს არის ტროტუარების მოწყობა-მოწესრიგება, ეს არის გამწვანებითი სამუშაოები. ამ სამუშაოებს გავაგრძელებთ და უშუალოდ კომუნიკაციების მოწესრიგება ვაკის პარკამდე გაგრძელდება.
8 იანვრიდან დაიწყება სამუშაოები, რადგან ახალი წელი მოდის, ჩვენ გვესმის, რომ ქალაქი ძალიან გადატვირთულია, ძალიან ბევრი მანქანა გადაადგილდება და არ გვინდა, გარკვეული უხერხულობები შევქმნათ, კოლაფსი გამოვიწვიოთ. ამიტომ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ 8 იანვრამდე შევაჩეროთ სამუშაოები, ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ გავაგრძელებთ და ძალიან მალე დავამთავრებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.