76-ე ბაღის აღსაზრდელთა მშობლებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს [ვიდეო]
ორხევში, 76-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლების ნაწილი პროტესტს აგრძელებს. ისინი სასწავლო პროცესის დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვენ. ცოტა ხნის წინ მათ კახეთის გზატკეცილი გადაკეტეს და ტრანსპორტს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
თუმცა, საავტომობილო გზა მალევე პატრულის თანამშრომლებმა გაათავისუფლეს.
არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთმა სამართალდამცველმა.
ადგილზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და დეპუტატი ეკა ბესელია.
აღსაზრდელთა მშობლემა მანამდე აქცია ბაღის ეზოში გამართეს. მათი ნაწილი თანახმაა, ალტერნატიული ფართი გამოიყოს.
მშობლების პროტესტის პარალელურად, შენობაში იმყოფებოდნენ ბაღების მართვის სააგენტოს მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტები, რომლებმაც ჰაერის ნიმუშები აიღეს. დასკვნას ლაბორატორია დაახლოებით ხუთ სამუშაო დღეში დადებს.
76-ე ბაღში სასწავლო პროცესი 2019 წლის 18 ნოემბერს, „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლების რეკომენდაციით შეწყდა. მიზეზი ბუნებრივი აირის სუნი გახდა, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ საუბარია ბიოგაზზე.
15 იანვარს, საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა. კახაბერ გვანცელაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გეოლოგებთნ მოლაპარაკება, რათა შეისწავლონ მდგომარეობა და დასკვნის საფუძველზე გადაწყდება, 76-ე ბაღში განახლდება სწავლა, თუ საჭირო იქნება ალტერნატიული ფართის მოძიება.