„მერაბიშვილის დაპატიმრების მიზანი პოლიტიკური სცენიდან მისი ჩამოშორება არ იყო, თუმცა, საკნიდან მისი გაყვანა დადასტურდა“
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილი თავდაპირველად საფუძვლიანი წინასწარი პატიმრობა მოგვიანებით უკანონოდ გამოიყენეს, როგორც მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალება – ამის შესახებ ნათქვამია ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომლის პრესრელიზსაც ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო ავრცელებს.
„საქმე „ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ეხება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავებასა და წინასწარ პატიმრობას და მის საჩივარს, რომ ეს ზომების ფარულ მიზნებს უკავშირდებოდა. კერძოდ, ბატონი მერაბიშვილი ამტკიცებდა, რომ მისი დაკავება და წინასწარი პატიმრობა მიზნად ისახავდა მისი პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორებას და რომ მთავარმა პროკურორმა, მისი დაკავებიდან რამდენიმე თვეში მისი გვიან ღამით საკნიდან ფარულად გაყვანით სცადა, მისი პატიმრობა მასზე ზეწოლის იარაღად გამოეყენებინა და ეიძულებინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის უცხოური საბანკო ანგარიშებისა და 2005 წელს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ერთხმად დაადგინა, რომ არ მომხდარა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი პარაგრაფის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) დარღვევა მერაბიშვილის დაკავებით ან წინასწარი პატიმრობით;
ერთხმად დაადგინა, რომ არ მომხდარა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პარაგრაფის დარღვევა (სასამართლო პროცესის გონივრულ დროში ჩატარებისა ან სასამართლომდე გათავისუფლების უფლება) მისი თავდაპირველი წინასწარი დაპატიმრებით;
ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე პარაგრაფი იმასთან დაკავშირებით, რომ სულ მცირე 2013 წლის 23 სექტემბრიდან მისი წინასწარი დაპატიმრება აღარ არის საკმარისად საფუძვლიანი;
ცხრა ხმით რვის წინააღმდეგ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთად.
სასამართლომ არ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი დაკავება ძირითადად მისი საქართველოს პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორებას უკავშირდებოდა. თუმცა სასამართლომ წინასწარი დაკავების პერიოდში მისი საკნიდან ფარულად გაყვანა და გვიან ღამით დაკითხვა საფუძვლიანად და შესაბამისად, დადასტურებულად მიიჩნია. სასამართლომ მიიჩნია, რომ მერაბიშვილის თავისუფლების უფლების შეზღუდვას უწყვეტი სახე მიეცა. სასამართლომ ყველა გარემოს გათვალისწინებით დაადგინა, რომ შეზღუდვის ძირითადი მიზანი დროთა განმავლობაში შეიცვალა. თუკი, თავდაპირველად მიზანი იყო გონივრულ ეჭვებზე დაფუძნებული დარღვევების გამოძიება, მოგვიანებით, ძირითადი მიზანი გახდა ჟვანიას გარდაცვალებასა და სააკაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. უმთავრესი მიზანი იყო ფარული, რასაც კონვენცია არ ითვალისწინებს – აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქმეზე – ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.