70 წლის იაპონელ ქალს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. მას ბრალად სამი მამაკაცის მკვლელობა ედება, მათ შორის ერთზე ის დაქორწინებული იყო. ჩისაკო კაკეჰი საყვარლების მოსაკლავად ციანიდს იყენებდა, შემდეგ კი, სადაზღვეო კომპანიებიდან მილიონებს იღებდა. მისი ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.
პროკურორის თქმით, ქალის სამიზნე მდიდარი და ასაკოვანი მამაკაცები იყვნენ.
იაპონურ მედიაში ჩისაკო კაკეჰის „შავი ქვრივი“ შეარქვეს, მდედრი ობობის მსგავსად, რომელიც პარტნიორს აქტის შემდეგ კლავს.
კიოტოს სამხარეო სასამართლომ დაასკვნა, რომ ჩისაკო კაკეჰიმ ციანიდი განზრახ მკვლელობის მიზნით ოთხჯერ გამოიყენა და მან ამ ქმედებებზე მისი სამედიცინო მდგომარეობის მიუხედავად პასუხი უნდა აგოს. ქალს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს.
კაკეჰის ბოლო მსხვერპლი მისი მეოთხე ქმარი იყო, 75 წლის ისაო კაკეჰი, რომელიც ქალმა ქორწინებიდან ერთ თვეში მოწამლა.
პროკურორის თქმით, ქალი გაცნობის და დაოჯახების ცენტრში იყო დარეგისტრირებული, სადაც მითითებული ჰქონდა, რომ მდიდარ და უშვილო მამაკაცებს ეძებდა. საბოლოო ჯამში, მემკვიდრეობით მან ერთი მილიარდი იენი მიიღო.