7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი ძებნილების, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. ადვოკატის გამოუცხადებლობის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელეს.
მანამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს, ბრალდებულს განცხადების გაკეთების უფლება მისცემოდა. ბექა ბასილაიას განცხადებით, სიტყვა სააკაშვილს მომზადებული ჰქონდა და რამდენიმე წუთით დრო დაეთმოთ.
სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ ხაზზე იყო, თუმცა მოსამართლეებმა ჩართვის უფლება არ მისცეს. მიზეზად მიუთითეს ის გარემოება, რომ სხდომის გაგრძელების სამართლებრივი უფლება არ ჰქონდათ.
„11 მარტი, 11:30 საათი გვაქვს შემოთავაზებული. ტექნიკურად ვერ გავაგრძელებთ, რადგან პროცესი ტექნიკურად ვერ იმართება. არასდროს შეგვიზღუდავს სააკაშვილი. წესი წესია. სამივე მოსამართლემ სხდომები გადავწიეთ, რომ ადრე ჩაგვენიშნა სააკაშვილის პროცესი“, – განაცხადა კოლეგიის თავმჯდომარემ, ნინო ელიეშვილმა.
7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.