მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე, რომელიც 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეებს ეხება, საქმის ხელახალი სასამართლო განხილვის შესახებ იმსჯელებენ
7 ნოემბრისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმეში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დღეს მხოლოდ საქმის ხელახალი სასამართლო განხილვის საკითხზე იმსჯელებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროცესის დაწყებამდე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, შესაძლოა, საქმის ხელახალი სასამართლო განხილვა დაიწყოს. ამის საფუძველი სამკაციან კოლეგიაში ერთ-ერთი მოსამართლის ცვლილებაა. ლია ორკოდაშვილი პენსიაზე გასვლის გამო ამ საქმეზე ლაშა კლდიაშვილმა შეცვალა.
ადვოკატ თუთბერიძის განცხადებით, თავად სასამართლომ დააყენა საქმის ხელახალი განხილვის საკითხი. ადვოკატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს არ ენდობიან, ხარისხიანი მართლმსაჯულების და ობიექტურობის დადგენის მიზნით, ფიქრობენ, რომ საქმის ხელახალი განხილვა უნდა დაიწყოს. დღეს სწორედ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს.
როგორია ბრალდების მხარის პოზიცია, უცნობია, პროკურორებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
დღევანდელ პროცესს გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის არგუმენტით არ ესწრება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი.