68 დევნილი ოჯახი გორში ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ გადასცეს.
ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართები ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებულმა ოჯახებმა მიიღეს.
ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი 23 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა. 2021 წლის ბოლომდე ახალ საცხოვრებელს დამატებით 3 000-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.
„ჩვენ ამ ომში დავკარგეთ არაერთი ჯარისკაცი, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლე. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ათასობით ადამიანი იქცა დევნილად საკუთარ სამშობლოში და დღეს ჩვენ არ გვაქვს ის საიმედო სიტყვები, როდესაც შეგვიძლია, გითხრათ, თქვენ ბრუნდებით საკუთარ სახლებში. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ამ დევნის პირობებში, სანამ ოკუპანტი ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაზეა, გავაუმჯობესოთ თქვენი საცხოვრებელი პირობები და ვიდგეთ თქვენს გვერდზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ყველა მოქალაქეს კოვიდრეგულაციების დაცვისკენ.
„არანაკლებ რთული ბრძოლაა ბრძოლა პანდემიასთან. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ამის გაიგივება 2008 წლის ომთან, მაგრამ ჩვენ მთელ მსოფლიოსთან ერთად ვდგავართ ძალიან რთული გამოწვევის წინაშე. ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ ექიმებისთვის. ყველა ერთად ვებრძვით ამ უხილავ მტერს. როდესაც ამდენი ადამიანი კარგავს ახლობელს, კარგავს დედას, მამას, დას, ძმას, შვილს, არ შეიძლება, დავრჩეთ გულგრილნი. მე ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ის ხალხმრავალი შეკრებები, რომლისგანაც თავს ვერ ვიკავებთ, სოციალური ღონისძიებები, რომლებსაც ჩვენ ვერ ვთმობთ. სწორედ მათ გამო ჯანდაცვის სექტორი არის მძიმე მდგომარეობაში. მინდა, გავავრცელოთ კიდევ ერთი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. მინდა, ვთხოვო მთავრობის ყველა წევრს, ეს რეკომენდაციები არ არის რეკომენდაციები რეკომენდაციისთვის. ეს არის ძალიან რთული ბრძოლა. მე მზად ვარ, დავდგე ჩვენი ექიმების გვერდზე, ჩავიცვა მათთან ერთად თეთრი ხალათი და დავდგე მათ გვერდზე ამ ურთულეს ბრძოლაში. ძალიან მინდა, ვთხოვო საქართველოს ყველა მოქალაქეს, აუცილებელია, დაცული იყოს ყველა რეგულაცია. მე ძალიან კარგად ვიაზრებ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადობა. მაგრამ, როცა ჩვენ ვიმყოფებით სიკვდილისა და სიცოცხლის ბრძოლაში, დამერწმუნებით, უპირველესი რჩება არა ეკონომიკა, არამედ მთავარია ჩვენი ოჯახის წევრის, მეზობლის, გვერდზე მდგომი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. გთხოვთ, იგრძენით ის მაღალი მორალური პასუხისმგებლობა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია, დავამარცხოთ პანდემია“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.