25 ნოემბერს ეროვნულ ლიგა 2-ში ბოლო, 36-ე ტურის მატჩები გაიმართა და ყველაფერი გაირკვა – ეროვნულ ლიგაში დაწინაურებულებიც, დაქვეითებულებიც და ლეი აუტის მონაწილეებიც.
თბილისის „ვიტ ჯორჯიამ“ საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. შედეგად „გურია“ გადათამაშებაში იასპარეზებს.
ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა „ცხინვალმა“. 36-ე ტურის შეხვედრაში „გაგრას“ დამაჯერებლად 4:0 მოუგო.
გადათამაშების ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად „ზუგდიდს“ 3 ქულა სჭირდებოდა. მაგრამ მარტვილში „მერანმა“ 2:1 სძლია – ზუგდიდელებმა ბოლო მე-10 ადგილზე გადაინაცვლეს და ლიგიდან გავარდა.
კონკურენტის წარუმატებლობით ისარგებლა ტყიბულის „მეშახტემ“, რომელმაც ლიგა 2-ის გამარჯვებული „რუსთავი“ 1:0 დაამარცხა, „ზუგდიდს“ გადაასწრო და გადათამაშებაში ითამაშებს.
ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონი „რუსთავის“ გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც 83 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე გასულ „მერანს“ 3 ქულით გაასწრო. მე-3 ადგილი 59 ქულით ბოლნისის „სიონმა“ დაიკავა. ლიგიდან პირდაპირი წესით „ზუგდიდი“ გავარდა. გადათამაშებაში კი, ლანჩხუთს „გურია“ და ტყიბულის „მეშახტე“ იასპარეზებენ.
ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირი 30 გოლით დათა სიჭინავა გახდა, მეორე-მესამე ადგილებზე კი, 21-21 გოლით თამაზ მაქაცარია და სერგეი ტრეტიაკი გავიდნენ.
პლეი-ოფში ბოლნისის „სიონი“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება. მარტვილის „მერანის“ მეტოქე კი, ეროვნული ლიგის 36-ე ტურის დასრულების შემდეგ გაირკვევა. პლეი-ოფის მატჩები 30 ნოემბერსა და 3 დეკემბერს გაიმართება. გადათამაშებაში კი 29 ნოემბერს და 3 დეკემბერს ტყიბულის „მეშახტე“ თბილისის “ნორჩ დინამოს“ შეხვდება, ხოლო ლანჩხუთის „გურია“ – “თელავს“.