ვიდეო - გენო პეტრიაშვილმა რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
მსოფლიო ჩემპიონი და რიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პოლონეთში მიმდინარე ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე 23-წლამდელებს შორის ჩემპიონი და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველი მძიმეწონოსნის მეტოქე რუსების დაღესტნელი ფალავანი მაგომედამინ დიბიროვი იყო, რომელიც 11:0 დაამარცხა და პარიზის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ 23-წლამდელებშიც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გენო პეტრიაშვილმა ფინალამდე სამივე მეტოქე ძირითად დროში აშკარა უპირატესობით დაამარცხა, იაპონელ ტ. იამამოტოს და ჩინელ ზანხიანგ ჰუს 10-0 სძლია, ნახევარფინალში კი 14-1 გაანადგურა უკრაინელი დანილო კარტავი. პოლონეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დამამშვიდებელი წრიდან ბრინჯაოს ირაკლი მწითური (86 კგ) დაეუფლა.