6-8 ივლისს თბილისი რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. ტრადიციულად, წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან: ბრენფორდ მარსალისი, „გრემის“ ხუთი ჯილდოს მფლობელი ანტონიო სანჩესი, დონი მაკკასლინი, მიგელ ზენონი, სკოტ კოლი და ჯაზის იამაიკელი ლეგენდა მონტი ალექსანდერი, ტრიოსთან ერთად.
წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის მასპინძელია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
რიგით 24-ე ჯაზ-ფესტივალის პირველ კონცერტს, 6 ივლისს სწორედ მუზეუმის ეზო უმასპინძლებს, რომლის დროსაც მსმენელის წინაშე წარდგებიან ანტონიო სანჩესის კვარტეტი დონი მაკკასლინთან, მიგელ ზენონთან და სკოტ კოლისთან ერთად.
მომდევნო საფესტივალო დღე, 7 ივლისი კი, ბრენფორდ მარსალისის საღამოს დაეთმობა. ფესტივალი 8 ივლისს მონტი ალექსანდერის ტრიოს კონცერტით დაიხურება.
კონცერტების დაწყებამდე, ჯაზ-ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის კოლექცია – არქეოლოგიური საგანძური დაათვალიერონ.