6-7 თებერვლის ე.წ. დაუმორჩილებლობის აქციის რვა მონაწილე გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის დაჯარიმდა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6-7 თებერვლის ე.წ. დაუმორჩილებლობის აქციაზე, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის ფაქტზე, 51 პირის იდენტიფიცირება მოახდინა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, იდენტიფიცირებულთაგან რვა პირი 2 000-2 000 ლარით დაჯარიმდა.
მათივე ინფორმაციით, 24 პირზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს.
ამასთან, შსს-ს ცნობით, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის განმეორების გამო 19-ის პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის წესით გამოძიება 248 პრიმა მუხლით.
შსს-ში არ აკონკრეტებენ იდენტიფიცირებული პირების ვინაობას.
ამასთან, „ლელო საქართველოსთვის“ ინფორმაციით, 16:00 საათისთვის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დაბარებულები არიან მათი პარტიის წევრები – ირაკლი კუპრაძე, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი და პაატა ცივაძე. საბა ბუაძის თქმით, მათ აცნობეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით არიან დაბარებული.