კომუნიკაციების კომისიის მიერ მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად გამოცხადებული აუქციონები დასრულდა. აუქციონის ფარგლებში ComCom-მა „სელფი მობაილი“ N18, N19 და N24 ცალკე მდგომი ლოტების გამარჯვებულად გამოაცხადა, რის შემდეგაც კომპანიას 2600 მჰც და 1800 მჰც სიხშირული დიაპაზონები მიენიჭება.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, აღნიშნული ლოტების საფასურმა 226 800, 226 800 და 1 386 000 ლარი შეადგინა. ლიცენზიის მოსაპოვებლად კი „სელფი მობაილს“ განესაზღვრა ერთი თვის ვადა, რომლის განმავლობაშიც მან დადგენილი თანხის 30 პროცენტი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს.
ოპერატორს აუქციონის მეშვეობით მოპოვებული სიხშირული რესურსებით სარგებლობისთვის გაუჩნდა ვალდებულება, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) დაუშვას, რისთვისაც მან 20-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლა.
5G აუქციონზე „სელფი მობაილი“ ასევე N2 კომბინირებული ლოტის გამარჯვებულად გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც 700 მჰც და 3400-3600 მჰც სიხშირული დიაპაზონებით სარგებლობის უფლებას მოიპოვებს. კომბინირებული ლოტის საფასურმა სულ 2 657 445 ლარი შეადგინა და, ცალკე მდგომი ლოტების მსგავსად, კომპანიამ ერთი თვის ვადაში თანხის 30 პროცენტი უნდა დაფაროს.
„კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის დასანერგად აუქციონი ოთხ კომბინირებულ და 20 ცალკე მდგომ ლოტზე გამოაცხადა. აუქციონში კი მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ComCom-მა სხვა ოპერატორების მიერ აუქციონის პირობებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები თითქმის სრულად გაითვალისწინა. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად მეხუთე თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირის მოსაპოვებლად ოპერატორებს ოთხივე კომბინირებულ ლოტზე ჰქონდათ ვალდებულება, საკუთარ ქსელზე MVNO ოპერატორი დაეშვათ, რისთვისაც კომპანიები დამატებით ფასდაკლებას მიიღებდნენ. კომპანიების მოთხოვნის საფუძველზე, იმისთვის, რომ ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიის დანერგვა არ შეფერხებულიყო, ComCom-მა ერთ კომბინირებულ და ორ ცალკე მდგომ ლოტზე აუქციონი MVNO ვალდებულების გარეშე გამოაცხადა.
5G – ეს არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტტექნოლოგია, რომელიც, უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და, საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.