საარჩევნო უბნების 30 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს 42.3 პროცენტი აქვს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს - 34.97
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ დროისთვის 3705 უბნიდან დათვლილია 1155 +1 უბანი, რაც უბნების საერთო რაოდენობის 31.2 პროცენტია.
აღნიშნული უბნების მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 162 736 ხმა აქვს, რაც ხმათა 42.3 პროცენტს შეადგენს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 134 543 (34.97 პროცენტი).
მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე 40054 ხმით, რაც ხმათა საერთო რაოდენობის 10.41 პროცენტს შეადგენს.
დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა ოთხ პროცენტზე ნაკლები მოაგროვეს.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატს გამარჯვებისთვის 50% +1 ხმა სჭირდება. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენების ხმების რაოდენობა.
თუ არჩევნების პირველ ტურში ხმათა საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. მეორე ტურში ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება პირველი ტურის ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის მოუწევს. არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია შესაბამისი განკარგულებით. არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურის შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, ვინც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.