55 საჯარო სკოლას მანდატურები დაემატა
55 საჯარო სკოლას მანდატურები დაემატა

ახალი სასწავლო წლისთვის სკოლებში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებისთვის მანდატურებისა და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრების რაოდენობა გაიზარდა.

დღეიდან მანდატურები დამატებით 41 სკოლაში შევიდნენ. ამასთან, 23 სექტემბერს ასევე 14 სკოლას დაემატება მანდატურები. საერთო ჯამში 109 მანდატური. ისინი შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და რაჭის სკოლებში გადანაწილდნენ.

დღეიდან საქართველოს მასშტაბით, მანდატურის სამსახურის მომსახურებით სულ 527 საჯარო სკოლა სარგებლობს. მიმდინარე წლის ბოლომდე კი ეტაპობრივად კიდევ 47 სკოლაში შევლენ, რაც ჯამში საჯარო სკოლებში მოსწავლეთა 80-პროცენტიან დაფარვას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, ახალი სასწავლო წლიდან ყველა სკოლაში დაინიშნა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი.

ახალი სასწავლო წლისთვის გაიზარდა ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრების რაოდენობაც. აქამდე ქვეყნის მასშტაბით რვა ასეთი მომსახურების ცენტრი არსებობდა, დღეიდან კი კიდევ ორი – ახალციხისა და ზუგდიდის ცენტრებიც ამოქმედდა. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მოსწავლეებსა და მშობლებს. ცენტრი მოსწავლეებს, მათ შორის სკოლაში განხორციელებული ძალადობისა და ბულინგის შემთხვევების დროს უწევს კონსულტაციას. ამასთან, ფსიქო-სოციალური ცენტრები 24-საათიან სატელეფონო კონსულტაციას სთავაზობენ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.

მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ექვსი წელია, არსებობს. ის 2013 წლის 10 აპრილს შეიქმნა და მისი მიზანია ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე სკოლის ასაკის ბავშვების/მოზარდებისა და მათი მშობლების/მეურვეების ფსიქო-სოციალური მომსახურება.

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ბენეფიციარებს სთავაზობს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფური მომსახურების სერვისებს. ცენტრში ფსიქოგანათლების კუთხით ხორციელდება საინფორმაციო და საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრები მშობელთა ჯგუფებთანაც, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მშობლისა და შვილის ეფექტურ კომუნიკაციას, მათ შორის ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის განვითარებას.