53-ე სკოლის დირექტორის ინფორმაციით, დაკავებული მოზარდი მათი სკოლის მოსწავლე არ არის
თბილისის, 53-ე საჯარო სკოლის დირექტორის ეკა გახარიას ინფორმაციით, დაკავებული მოზარდი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დაჭრაშია ბრალედებული, 53-ე სკოლის მოსწავლე არ არის.
როგორც გახარია პირველ არხთან საუბარში აცხადებს, სკოლიდან დაკითხვაზე არავინ წაუყვანიათ.
“დამრიგებლებმა დაურეკეს მშობლებს და უთხრეს, რომ ბავშვები სახლში იყვნენ. ეს სამინისტროსა და გამოძიების მოთხოვნა იყო, იმისთვის, რომ კონტაქტზე ვყოფილიყავით ბავშვებთან. ჩვენგან დაკითხვაზე არავინ წაუყვანიათ, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს. ვიცი,რომ უკვე დაკავებულია ერთი მოზარდი. ის რომ ჩემი სკოლის მოსწავლე იყოს, აუცილებლად დამიკავშირდებოდნენ. ასევე ვიცი, რომ არ იყვნენ ისინი 53-ე სკოლის მოსწავლეები, მაგრამ ასე მკაფიოდ, დაზუსტებით ვერ ვიტყვი, რადგან მიმდინარეობს გამოძიება და ამით შეიძლება ხელი შევუშალო მათ”, – განაცხადა ეკა გახარიამ.
შსს-ს ცნობით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, პირველ დეკემბერს არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს. და 2001 წელს დაბადებული ლ.დ. დაჭრილი მოზარდებიდან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ასევე, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, რომლის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.