51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლების დირექტორებს უფლებამოსილება შეწყვეტილი არ აქვთ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური აცხადებს, რომ 51-ე სკოლისა და პირველი ექსპერიმენტული სკოლების დირექტორების ქმედებების შეფასება ამ ეტაპზე ვერ დაიწყება.
“ჩვენ ველოდებით გამოძიების დასრულებას და როდესაც გვექნება სრული ინფორმაცია და სრული სურათი, რა მოხდა, ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას იმის შესახებ, რა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. ამ ეტაპზე ვერ დავიწყებ დირექტორების ქმედებების შეფასებას, ვიდრე არ გვექნება გამოძიების დასკვნა და სრული სურათი”, – განაცხადა ლია გიგაურმა.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. ორივე არასრულწლოვანი 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მკვლელობაში ბრალდებულები კი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდნენ.