500-ლარიანი ვაუჩერით თბილისში რეგისტრირებულმა 17 685-მა სოციალურად დაუცველმა პენსიონერმა ისარგებლა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამით უკვე 17 685-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერების დარიგება. პროგრამა წარმატებით ფუნქციონირებს. დღეის მდგომარეობით, უკვე 17 685-მა პენსიონერმა ისარგებლა. მათ 500-ლარიანი ვაუჩერის გამოყენება სხვადასხვა მედიკამენტზე, წლის ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ძალიან მოქნილი და მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელსაც მომავალშიც გავაგრძელებთ და პენსიონერებს ყველანაირად გვერდში დავუდგებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ ვის შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა და როგორ შეძლებენ სოციალურად დაუცველი პენსიონერები მედიკამენტების უფასოდ მიღებას.
„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, პროგრამის ბენეფიციარები არიან თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები, რომელთა ოჯახების შესაბამისი სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება. იმისთვის, რომ პროგრამით ისარგებლოთ, უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც მოგცემთ ცნობას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საჭირო მედიკამენტებს მიუთითებს. შემდეგ განათავსებს პროგრამის სპეციალურ ელექტრონულ მოდულში. მოკლე ტექსტური შეტყობინებით თქვენ მიიღებთ თბილისის მერიისგან სპეციალურ კოდს და ამის შემდეგ შეგეძლებათ, მედიკამენტების ასაღებად მიმართოთ სასურველ აფთიაქს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
„სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, იანვრიდან დღემდე, ხუთი თვის განმავლობაში, მერიამ 6 120 150 ლარის ღირებულების მედიკამენტი დააფინანსა. პროგრამით სარგებლობის მიზნით, შემოსულია 33 110 მოთხოვნა. მათგან ნაწილობრივ ან სრულად დაკმაყოფილდა 30 445 მოთხოვნა.