50 ყოფილი პარლამენტარი სახელმწიფოსგან კუთვნილი პენსიის გაზრდას ითხოვს
50 ყოფილი პარლამენტარი სახელმწიფოსგან პენსიის ოდენობის გაზრდას ითხოვს. მათ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართეს. სასამართლოს პლენუმმა სარჩელის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო.
მოსარჩელე ყოფილი პარლამენტარები: ნესტან კირთაძე, ლევან მესხი და სხვა პირები დღეს ყოველთვიურად სახელმწიფოსგან 560 ლარის ოდენობის პენსიას იღებენ.
ისინი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის იმ ნორმებს ასაჩივრებენ, რომლის მიხედვით, კომპენსაციის ოდენობის მაქსიმალური ზღვარი 560 ლარია.
კანონში აღნიშნული ცვლილება 2006 წელს შევიდა, მანამდე ყოფილი პარლამენტარები პენსიის სახით იმ ოდენობის ანაზღაურებას იღებდნენ, რაც პარლამენტში მუშაობის დროს ხელფასი ჰქონდათ.
2006 წლამდე პარლამენტარის ხელფასი 750 ლარი იყო და შესაბამისად, ყოფილი პარლამენტარებიც აღნიშნული ოდენობის პენსიას იღებდნენ.
ისინი მიიჩნევენ, რომ კომპენსაციის შესახებ კანონის ჩანაწერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას და პარლამენტის გადაწყვეტილებამ, რომლითაც მათ პენსია შეუმცირდათ, მოსარჩელეების ეკონომიკური მდგომარეობა დაამძიმა.
იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტმა საკითხი ხელახლა უნდა შეისწავლოს და როგორც ყოფილი, ასევე, მოქმედი პარლამენტარების პენსიის რაოდენობა დაადგინოს.