5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლოში საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ანა ბროლაძე დაიკითხა
5-6 ივლისს საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული პირების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი – ანა ბროლაძე დაიკითხა. მან ხუთ ივლისს განვითარებულ მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენა.
„პირველი ლოკაცია იყო რუსთაველის გამზირი, ჭანტურიას კვეთა. როგორც კი გადავედი მანქანიდან, დავინახე, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პოლიციის კორდონი და რასაც შევესწარი, უკვე მიმდინარეობდა მედიის წარმომადგენლების მიმათ ფიზიკურად ძალადობა. მეც გავხდი თავდასხმის ობიექტი, თუმცა გადავრჩი. ჩემი კოლეგები ცდილობდნენ, განრიდებოდნენ მიმდებარე ტერიტორიას. დავინახე, მათ შორის ჩემი ოპერატორი ილია თვალიაშვილი გაგდებული ჰყავდათ და მესმოდა ჩემი კოლეგის ყვირილი – „ილიას კლავენო“. ადამიანი იყო დაგდებული, მას ურტყამდნენ, იყო ზედახორა. ადამიანი ეგდო დაბლა და რამდენიმე პირი გამეტებით ურტყამდა. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ვიყავით ძალადობის მსხვერპლი ყველა ტელევიზიის წარმომადგენელი. პოლიციის მოწოდების შემდეგ, ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენს მანქანაში „იმედის“ და „რუსთავი2“- ის ჟურნალისტები ისხდნენ და გავდიოდით ტერიტორიიდან. ამის შემდეგ გაგვარიდა პოლიციამ. აქციის მონაწილეეები დაიძრნენ, მოგვდევდნენ, მორბოდნენ, შეურაცხყმყოფელი სიტყვებით გვაგინებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვეწევით ლგბტ-პროპაგანდას. ჩემს პრაქტიკაში ძალიან ბევრი აქცია გამიშუქებია, ასეთი რთული ვითარება ქვეყნის გარეთ აქციებზეც არ მინახავს“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა ანა ბროლაძემ.
შეგახსენებთ, 5-6 ივლისის საქმეს სასამართლო რამდენიმე ეპიზოდად განიხილავს. კერძოდ, დღევანდელ პროცესზე სასამართლო განიხილავს საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლების – მირანდა ბაღათურიასა და ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ეპიზოდს.
პროცესს ხუთი ბრალდებული საკუთარი სურვილით არ ესწრება.