პრეზიდენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა
პრეზიდენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაასრულა. პრეზიდენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა.

„შეხვედრა იყო კონსტრუქციები. ვისაუბრეთ, როგორ შეირჩა ჩვენი კანდიდატი. მან ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. არგუმენტები, რომლებიც მივაწოდეთ მისაღები აღმოჩნდა, რა რეპლიკებიც მოვისმინე. მჯერა, რომ ჩვენ კანდიდატს პრეზიდენტი მხარს დაუჭერს“, – განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ილია ვერძაძემ.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტთან კონსულტაციით კმაყოფილია. უმრავლესობის წარმომადგენლები  აცხადებს, რომ პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი, ალტერნატიული კანდიდატურა არ დაუსახელებია.

„პრეზიდენტს საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია, მოისმინა ჩვენი კანდიდატის შესახებ, არგუმენტები თორნიკე რიჟვაძის შერჩევის თაობაზე. დარწმუნებული ვარ, როგორც მოიქცა ზურაბ პატარაძის შემთხვევაში, ასევე მოიქცევა და წარადგენს ჩვენს კანდიდატს, არა მგონია სააკაშვილზე უარესად მოიქცეს, უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება თავმჯდომარე“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით ბაციკაძემ.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონითა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით“ განსაზღვრული პროცედურების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი საბჭოში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან გამართავს მოლაპარაკებებს და ამ კონსულტაციების შემდეგ უმაღლეს საბჭოს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარუდგენს.

ამ დროისთვის ოფიციალურად დასახელებულია მხოლოდ უმრავლესობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე. ოპოზიციის განცხადებით, კანდიდატურის დასახელების გადაწყვეტილებას კონსულტაციის მიმდინარეობის მომენტში გადაწყვეტენ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოზიციას მოისმენენ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.