36 დაზარალებულის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 7 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 36 დაზარალებულის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის ორი წევრი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულები დაზარალებულებს ეცნობოდნენ როგორც მაკლერები და კონკრეტული თანხების სანაცვლოდ თბილისში მდებარე ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ.
„ისინი დაზარალებულებს წინასწარ აჩვენებდნენ ბინებს, შემდგომ კი ორგანიზებული ჯგუფის დანარჩენ წევრებს, როგორც ბინის მესაკუთრედ, მესაკუთრის მინდობილ პირად ან ბინის მეიჯარედ აცნობდნენ და მათთან მოტყუებით სესხის ხელშეკრულებებს ადებინებდნენ.
აღნიშნული ქმედებით ორგანიზებული ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ დაზარალებულების კუთვნილ, ჯამში, 1 002 755 ლარს.
დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, არაერთგზის) წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ პირს – 8 წლით, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
რაც შეეხება თაღლითური ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებს, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.