საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენციაზე გურიის რეგიონში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია- გრიგოლეთის გზის მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2020 წელს.
„გარდა ამისა, დაიწყება გრიგოლეთი – ჩოლოქის გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტის ოთხზოლიანი გზა. გრიგოლეთი–ფოთისა და გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთების საშუალებით, სამტრედია–გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას გრიგოლეთიდან ორი მიმართულებით დაუკავშირდება. ეს კი საშუალებას მოგვცემს, რომ სატრანსპორტო ნაკადმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრაოს, როგორც ფოთის გავლით, ისე პირდაპირ გრიგოლეთი–ქობულეთის მიმართულებით. გურიას აქვს ისეთი სიმდიდრე, რომლითაც არათუ რეგიონი, არამედ ბევრი დიდი ქვეყანაც კი ვერ დაიკვეხნის – ამ პატარა და ულამაზეს მიწაზე მთის კურორტებიც არის და ზღვისაც. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ და დავტვირთოთ არსებული რესურსი და პოტენციალი. ეს ხალხისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება. გურიაში ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა. შეკვეთილში უნიკალური საკონცერტო დარბაზის „ბლექ სი არენას“ აშენებისთვის 300 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. ეს დარბაზი სახელმწიფოს გადმოეცა, მაგრამ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის საჩუქარი გურიისა და გურულებისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, შეკვეთილში აშენდა თანამედროვე დიზაინის სარკინიგზო ბაქანი, მოეწყო „მუსიკოსების სკვერი“, სრულიად უნიკალური მინიატურების პარკი და შადრევანი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ანალოგი არ აქვს.
„თანაინვესტირების ფონდმა კი, ააშენა შეკვეთილის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „პარაგრაფი“, რომლის საინვესტიციო მოცულობაც 80 მილიონი აშშ დოლარი გახლდათ. ეს თანხა დაიხარჯა ახალ სამუშაო ადგილებში და ამ თანხის დიდი ნაწილი წავიდა ქართული ოჯახების შემოსავალში. ასევეა დენდროლოგიური პარკი, რომელიც მართლაც შეუფასებელი საჩუქარი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით გურიისთვის. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი, რომელიც გახდება საქართველოს სავიზიტო ბარათი, დაამშვენებს ჩვენს ქვეყანას და კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს ტურისტებს. დარწმუნებული ვარ, ასეთი მასშტაბური ობიექტების არსებობა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, დააინტერესებს ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს და, რაც მთავარია, გურია შეძლებს ტურიზმით მიღებული შემოსავლით სარგებლობას. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ წელიწადში გურიაში გაიხსნა 30-ზე მეტი ახალი განთავსების ობიექტი, მათ შორის სასტუმროები, საოჯახო ტიპის სასტუმროები და სხვ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ზაფხულში დაიწყება კურორტ ბახმაროს გარე ელექტრომომარაგების სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები.
„ბახმარო არის მართლაც უნიკალური კურორტი და ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს მის განვითარებას. მზად არის ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა და განვითარება მოხდება არა ქაოტურად, არამედ კანონზომიერად და გეგმის მიხედვით. სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გურიაში გაიხსნა 7 ახალი საწარმო და გაფართოვდა 7 მანამდე არსებული საწარმო. პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება უახლოეს მომავალში, რომელიც მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან ითანამშრომლებს, მათ შორის: Zara, Mango, Massimo Dutti და ა.შ. სამკერვალო ფაბრიკის ასაშენებლად 1,7 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და დამატებით 350-მდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება. ამავე პროგრამის ფარგლებში, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტით, გურიაში 265 პროექტი განხორციელდა, რომლითაც 441-მა მეწარმემ ისარგებლა. ეს არის 441 ოჯახი, რომელშიც დამატებით შემოსავალი მივიდა და რომლის ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გარდა ამისა, კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამის – ,,დანერგე მომავალი“ ხელშეწყობით 142 ჰა ფართობზე გაშენდა 28 ახალი ბაღი. გაცემულია 191 შეღავათიანი აგროკრედიტი. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ნაწილში 9 პროექტი დასრულდა. წარმატებით მიმდინარეობს ჩაის კულტურის რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ასევე 8 პროექტი განხორციელდა. ოზურგეთის სოფელ დვაბზუში გაიხსნა ჩაის გადამამუშავებელი ახალი საწარმო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა გურიის რეგიონში ფაროსანას პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინტენსიურად და კოორდინირებულად მუშაობს, რათა მინიმუმამდე დავიდეს ფაროსანას მიერ გამოწვეული ზიანი.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რეგიონების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრების როლი.
„ჩვენ ვახორციელებთ პროფესიული განათლების პროგრამას. აღსანიშნავია, რომ სულ მალე პროფესიული
კოლეჯი გაიხსნება ჩოხატაურში. გურიაში აშენდა 14 ახალი საბავშვო ბაღი ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში და რეაბილიტცია ჩაუტარდა 26-ს. აგრეთვე, აშენდა 6 ახალი სკოლა და მშენებლობის პროცესშია კიდევ 5 სკოლა. გაიხსნა 4 საზოგადოებრივი ცენტრი და შენდება კიდევ ერთი ახალი
საზოგადოებრივი ცენტრი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. გურიაში მალე დასრულდება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია. ამ პროექტის ღირებულება მილიონ 640 ათას ლარი გახლავთ. ეს იქნება სათანადო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ცენტრი, რომლის ფუნქციონირებაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურის სფეროსთვის. თითოეული პროექტი, რომელიც ჩამოგითვალეთ, ადგილობრივი მცხოვრებლების პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად, თითოეული თქვენგანის ჩართულობით, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ძალისხმევას რეგიონში სასიკეთო ცვლილებებისთვის”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ სერიოზულ რეფორმებს გადის.
“ასევე მნიშვნელოვანია პარტიის განახლებაც და სწორედ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდობის როლი. ჩვენ შემოდგომაზე გვაქვს მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები. “ქართული ოცნება” არჩევნებზე ღირსეული კანდიდატით წარდგება და ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება იმ გამარჯვებათა ჯაჭვში, რომლებსაც დღემდე ერთად მივაღწიეთ. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხმამაღალი სიტყვა, რომ “ქართული ოცნება” აკეთებს საქვეყნო საქმეს და ეს საქვეყნო საქმე გახლავთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.