დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსში, ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებულ 34 ოჯახს ბინები გადასცა.
საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია დაესწრნენ.
სააგენტოს დირექტორის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი აქტიურად გრძელდება. ბოლო წლების განმავლობაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილების განსახლების მიზნით, მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა და ახალი საცხოვრებელი ფართი 1 344 ოჯახს გადაეცა.
2022-2024 წლებში, ზუგდიდში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, დამატებით, 1 700 ბინა აშენდება. მომდევნო სამი წლის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალ საცხოვრებელს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.
ინფორმაციას დევნილთა სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.