ილია მეორე - მოქმედებენ გარკვეული ჯგუფები, რომელნიც მოზარდებს სხვადასხვა სახით აიძულებენ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრონ
სულიერი სიცარილის ფონზე ახალგაზრდებში გახშირდა თვითმკვლელობა, რისი ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მოქმედებენ გარკვეული ჯგუფები, რომელნიც მოზარდებს სხვადასხვა სახით აიძულებენ, სიცოცხლე ამ სახით დაამთავრონ – ამის შესახებ აღნიშნულია უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში.
„გაჩნდა გრძნობა დაუცველობისა და ხვალინდელი დღის შიშისა, სულიერი სიცარილის ფონზე ახალგაზრდებში გახშირდა თვითმკვლელობა, რისი ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მოქმედებენ გარკვეული ჯგუფები, რომელნიც მოზარდებს სხვადასხვა სახით აიძულებენ, სიცოცხლე ამ სახით დაამთავრონ. დაეცა განათლების დონე, მოზარდი თაობა ინტერნეტს მიეჯაჭვა და წიგნი დაივიწყა. დაიკარგა უფროსის პატივისცემა, ებრძვიან ავტორიტეტებს, ქმიან ახალი „ღირებულებების“ შესაბამის პერსონებს და მათ წარმოაჩენენ მისაბაძად.
ამ მოვლენებს მეტ-ნაკლებად საქართველოშიც აქვს ადგილი. ჩვენთან დიდია უმუშევართა, სოციალურად დაუცველთა და უცხოეთში სამუშაოდ წასულთა რიცხვი; იცლება სოფლები და რაიონები; დამაფიქრებელია ხალხის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც, რასაც ხშირ შემთხვევაში სტრესული მდგომარეობა და მდარე პროდუქტებით კვება იწვევს.
შემოტევაა ეკლესიაზე და მრავალწლიანი მცდელობა, შეურყიონ ხალხს მისდამი სიყვარული. მავანნი შეურაცხყოფენ სიწმინდეებს, რელიგიურ გრძნობებს და განუკითხაობით ხარობენ“ – აღნიშნულია ეპისტოლეში.