31 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. პოლიციის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება ლისის ტბაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
წელს, შსს-მ პოლიციის დღე განსხვავებულად აღნიშნა. ლისის ტბაზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პოლიციელები ოჯახის წევრებთან ერთად მივიდნენ.
ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა წარადგინა, რის შემდეგაც გიორგი გახარიამ, ასევე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და პოლიციელებს პროფესიული დღეს მიულოცეს.
ღონისძიებაზე გიორგი გახარიამ განსაკუთრებული დამსახურების მქონე რამდენიმე თანამშრომელი პირადად დააჯილდოვა. პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, სამინისტროს 1 400- მდე თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის ვადამდელი წოდებები მიენიჭებათ, სამკერდე ნიშნები და მადლობის სიგელები გადაეცემათ.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ბავშვთა ანსამბლმა „მძლევარი“ საქართველოს ჰიმნით დაასრულა.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, პოლიციელების ოჯახის წევრებისა და სტუმრებისთვის მოეწყო თემატური ინსტალაციები, ისტორიული გამოფენები, მოსასვენებელი სივრცეები და საბავშვო გასართობი მოედნები.
ლისის ტბის ტერიტორიაზე სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა სპეცტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობაც წარადგინა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მინი ფეხბურთის გუნდებს შორის შიდა ტურნირის ფინალიც გაიმართა. ღონისძიება კონცერტით დასრულდა.