31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან 23 784 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან 23 784 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10 963 ტონით მეტია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია – 15,449 ტონით, სომხეთის რესპუბლიკა – 7,304 ტონითა და აზერბაიჯანის რესპუბლიკა – 567 ტონით. ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის (112,9 ტონა), უკრაინის (111.5 ტონა), მოლდოვას (89,6 ტონა), პოლონეთის (92.6 ტონა), სლოვენიის (57,3 ტონა), სინგაპურის (0,04 ტონა) და ყატარის (0.01 ტონა) რესპუბლიკებში.
სამინისტროს ცნობით, ატმის ფასი 1.00 – 2.00 ლარამდე მერყეობს, ხოლო ვაშლატამას 1.30 – 2.00 ლარამდე.
უწყებაში განმარტავენ, რომ მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები.
ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით.