ენერგეტიკის განვითარების ფონდი 30 მეგავატამდე მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე მარტში ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებას გეგმავს
ენერგეტიკის განვითარების ფონდი 30 მეგავატამდე მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე მარტში ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებას გეგმავს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მარტში 30 მეგავატამდე მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე ინვესტორებისთვის ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება იგეგმება.

თურნავას თქმით, ეს იქნება პირველი, შედარებით მსხვილი ელექტროსადგური.

თურნავას განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ ინვესტორთა მხრიდან დაინტერესება მაღალი იქნება.

მინისტრი ამბობს, რომ მთავარი კრიტერიუმი განვითარებულ ტექნოლოგიასთან ერთად, შედარებით დაბალი ელექტროენერგიის საფასური იქნება.

„ვფიქრობთ, რომ მარტში ჩვენი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი მთავრობის მხარდაჭერით გამოაცხადებს ინტერესთა გამოხატვას 30 მეგავატამდე მზის ელექტროენერგიის გამომმუშავებელი პირველი სადგურის მშნენებლობაზე.

ჩვენ ველოდებით, რომ ინტერესი იქნება მაღალი და ბევრი ინვესტორი მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას, თუმცა ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმი რა თქმა უნდა განვითარებულ ტექნოლოგიასთან ერთად იქნება შედარებით დაბალი ელექტროენერგიის საფასური, რასაც შემოგვთავაზებს ესა თუ ის ინვესტორი.

რაც შეეხება ზოგადად მზის ენერგიას, უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციის პროგრამის ფარგლებში ძალიან აქტიურად ხორციელდება მათ შორის მოსახლეობისთვის  სხვადასხვა უშუქო სოფელში მზის მცირე ზომის პანელების დარიგება და დამონტაჟება, რაც ეხმარება კონკრეტულ ოჯახებს.

ვახორციელებთ მაღალმთიან რეგიონებში მიკროჰესების მშენებლობას, ხევსურეთში გაკეთდა ეს უკვე და მოსახლეობა მიესალმება, ითხოვს ამ პროექტებს. ჩვენ ამ კუთხით გავაგრძელებთ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას“ ,- განაცხადა ნათია თურნავამ.