3 ივლისიდან საგამოცდო ცენტრებამდე მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
3 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში საგამოცდო ცენტრებამდე მოქალაქეებს დამატებითი მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ავტობუსები სტანდარტული ტარიფით, 06:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში იმოძრავებენ.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ საგამოცდო პერიოდში, 3 ივლისიდან 6 აგვისტომდე, საგამოცდო ცენტრებამდე მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. იმ პირებს, რომელთაც გამოცდების ჩაბარება ან სხვადასხვა საჯარო სკოლაში აბიტურიენტთა მომსახურება უწევთ, ავტობუსები გადაიყვანენ თბილისის N39, N103, N133, N147, N175, N177, N191 და N207 საჯარო სკოლების მიმდებარედ, სადაც განთავსებული იქნება საგამოცდო ცენტრები. აღნიშნულ დროებით მარშრუტებზე ავტობუსები მოქალაქეებს სტანდარტული ტარიფით 06:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურებიან. დროებით მარშრუტებზე დეტალური ინფორმაცია განთავსდება მერიის ვებგვერდზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ N175 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ ალექსანდრე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია); N39, N177 და N191 საჯარო სკოლების მიმართულებით ავტობუსები მგზავრებს ასევე გობრონიძის ქუჩიდან (მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია) მოემსახურებიან; N103 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები გადაადგილდებიან მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან (კახეთის გზატკეცილი); N147 საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიიდან (ანზორ აბულაშვილის ქუჩა, ყოფილი ტრანსპორტის ქუჩა);
რაც შეეხება N133 და N207 საჯარო სკოლებს, საგამოცდო ცენტრები მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. შესაბამისად, მგზავრები დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად გამოიყენებენ უკვე არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.