შეღავათიანი მედიკამენტების პროგრამით, 3-დან 5 სექტემბრის ჩათვლით, 79 პენსიონერმა და შვიდმა შშმ პირმა ისარგებლა
3-დან 5 სექტემბრის ჩათვლით შეღავათიანი მედიკამენტების პროგრამით 79 პენსიონერმა და შვიდმა შშმ პირმა ისარგებლა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის მიხედვით, ასაკით პენსიონრები და შშმ პირები ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლებზე 50%-იანი შეღავათით სარგებლობენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას განცხადებით, სამინისტრო პროგრამის გაფართოებაზეც იმუშავებს.
„აღნიშნული პროგრამა გულისხმობს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებას. 2017 წლიდან სოციალურად დაუცველებს ქრონიკული დაავადებების კერძოდ, გულსისხლძარღვთა სისტემის, ფილტვის დაავადებების, დიაბეტისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ 23 ქრონიკული მედიკამენტი მიეწოდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. მათ გაუჩნდათ წვდომა მედიკამენტებზე სიმბოლურ ფასად ერთ ლარად. 3 სექტემბრიდან ჩვენ უკვე საშუალება მოგვეცა პროგრამა გაგვეფართოებინა და ბენეფიციარების რაოდენობაც გაგვეზარდა. შესაბამისად, აღნიშნული 23 მედიკამენტი ხელმისაწვდომია ქსელში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შშმ პირებისთვის და ასევე ასაკით პენსიონრებისთვის“, – განაცხადა მაია გვილავამ.
მისივე თქმით, წლის ბოლომდე აუცილებლად დაემატება, კომბინირებული მედიკამენტები არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო, გულსისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
მიმდინარე წლის 3 სექტემბრიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა გაფართოვდა. პრეპარატებზე ფასები ასაკით პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდება. ჯანდაცვის სამინისტრო იმ მედიკამენტების ახალ ფასებს აქვეყნებს, რომელთაც ფასდაკლება შეეხება.