29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მგზავრობისას აუცილებელი იქნება კონკრეტული წესების დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება.
„აუცილებელია პირბადის ტარება. ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები“, – აღნიშნა გახარიამ.
კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან შეჩერებულია.