29 აპრილის საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს
საოლქო საარჩევნო კომისიებმა 29 აპრილს გასამართი საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და ხელმძღვანელი პირები აირჩიეს.
ცესკო-ს ინფორმაციით, 164 საუბნო საარჩევნო კომისიაში არსებულ 1 312 ვაკანტურ ადგილზე სულ დარეგისტრირდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის 1 347 მსურველის განაცხადი.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების არჩეული ხელმძღვანელი პირებიდან და წევრებიდან: 878 პირი არჩეულია 12 ხმით; 336 – 14 ხმით ; 72 – 13 ხმით ; 10 – 11 ხმით; 8 – 10 ხმით, ხოლო 8 – 9 ხმით; საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების და ხელმძღვანელი პირების შერჩევისას იხელმძღვანელეს საარჩევნო რეფორმის შედეგად დაწესებული ახალი რეგულაციებით.
მათ შორის, კანდიდატთა მიმართ დაწესებული იმ შეზღუდვებით, რომლებიც გამორიცხავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად ისეთი პირის არჩევას, რომელიც: ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი. გარდა კანონით განსაზღვრული მოთხოვნებისა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა ასევე გაითვალისწინეს ცესკო-ს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. მათ შორის, კონკურსანტთა პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში მიუკერძოებელი საქმიანობა, ასევე ჩართულობა საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში.
არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და 2012 წლიდან ბოლო რვა საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 1 111 პირს, რაც საერთო რაოდენობის 84.67%-ია. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დიდი ნაწილი ცესკო-ს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილეა. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიის ახლად არჩეული წევრებიდან 595 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, შვიდი – „საარჩევნო განვითარების სკოლების“, ხოლო ერთი – „ახალგაზრდული ბანაკების“ კურსდამთავრებული.