გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩ იან კელისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ამერიკის ელჩთან იან კელისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრეზიდენტმა იან კელისთან, რომელიც აშშ-ის ელჩის თანამდებობას სამი წლის განმავლობაში იკავებდა და საქართველოს მარტში დატოვებს, მისი მოღვაწეობა შეაჯამა და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე ისაუბრეს აშშ-საქართველოს ურთიერთობათა დინამიკაზე, საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტზე, ასევე, სენატში, კონგრესსა და თეთრ სახლში გამართულ კონსულტაციებზე, რომელზეც საქართველოს მხარდასაჭერი აქტის მიღების საკითხი განიხილეს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, გაზრდილი საფრთხეების ფონზე, როცა საქართველოს, როგორც რეგიონში დემოკრატიული განვითარების მიმართულებით მოწინავე ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატია დასაცავია, გამოწვევების გასამკლავებლად საჭიროა – აშშ-ში საქართველოს მხარდასაჭერი აქტის მიღება და ქართულ – ამერიკული ურთიერთობების ახალ საფეხურზე გადაყვანა.
აშშ-ის ელჩმა იან კელიმ შეხვედრისას, საელჩოს სახელით სრული მზაობა გამოხატა, რომ საელჩო გააგრძელებს ინტენსიურ თანამშრომლობას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველა ძალას იხმარს, იმისთვის, რათა მნიშვნელოვანი ინიციატივა იყოს მხარდაჭერილი.