სალომე სამადაშვილი - პრემიერ-მინისტრის განცხადება სრულიად აცდენილია რეალობას
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ სალომე სამადაშვილის შეფასებით, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელი განცხადება ქვეყანაში შექმნილ რეალობას სრულიად აცდენილია.
როგორც სალომე სამადაშვილმა პირველ არხს განუცხადა, საკითხი შემდეგნაირად დგას – არის თუ არა მზად ქართული სახელმწიფო იმ დათმობებზე წავიდეს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ რუსეთმა მსგავს ურთიერთობებსა და მოლაპარაკებებში თავი კომფორტულად იგრძნოს.
„ქართული სახელმწიფო მოლაპარაკებებისთვის დღეს მზად არ არის და სწორედ ამიტომ, პრემიერ-მინისტრის განცხადება სრულიად აცდენილია იმ რეალობასთან, რაც ქვეყანაშია შექმნილი და ჩამოყალიბებულია საზოგადოებრივი აზრით. საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში სტაბილურობა მაშინ იქნება, როცა ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომავალი იქნება შეუქცევადი და რუსეთი დაინახავს, რომ როგორც საზოგადოებას, კონსოლიდირებული პოზიცია გვაქვს. როცა პრემიერი ისეთ განცხადებას აკეთებს, რომელიც კონსენსუსს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, იქ რუსეთისთვის საკუთარი ინტერესების გასატარებლად სივრცე იქმნება“, – განაცხადა სამადაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს აღნიშნა, რომ რუსეთის პასუხში შეიძლება, მისაღები ბევრი რამ არ იყოს, მაგრამ პასუხი საუბრისთვის სივრცეს ტოვებს. ამასთან, პრემიერის განცხადებით, ამ დღეების განმავლობაში უამრავი აბსურდული შეფასება მოისმინა მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას მიმართა.