274 დევნილ ოჯახს ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ნგრევად შენობებში მცხოვრებ 274 დევნილ ოჯახს, ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინებს გადასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად სააგენტო ავრცელებს.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, იმერეთის რეგიონში 28 ობიექტი იხურება, რომლებიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ნგრევადია.
დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ დევნილთა სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
ამასთან, კომისიის გადაწყვეტილებით, 93 დევნილი ოჯახი ადმინისტრაციულ დაპირებას მიიღებს, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი ფართები უახლოეს მომავალში უპირობოდ გადაეცემათ.
სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ქუთაისში (აბაშიძის გამზ. N27) სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოში, 21-22 ოქტომბერს გაიმართება.