27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება
27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

27 ოჯახს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობენ საცხოვრებელ ფართებში და გარკვეული მიზეზების თუ ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ დაკანონებას, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ამ ადამიანებისთვის ხდება ხელშეწყობა მერიის მხრიდან. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეს კიდევ 27 ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. მათგან 22 ოჯახი წლებია, ცხოვრობს მუხაძის ქუჩის მიმდებარედ, დანარჩენი ხუთი ოჯახი კი პოლიტკოვსკაიას N 48-ში, ვარკეთილი 3-ის მესამე მიკრორაიონში, ჟორესის ქუჩა N13-ში, მუხიანის დასახლების პირველი მიკრორაიონის N1 კორპუსში და ოცხელის ქუჩის N4-ში. მინდა, მიულოცო ამ ოჯახებს , რომ მათ უკვე საკუთრებაში აქვთ ეს საცხოვრებელი ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.