27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2019 გაიმართება
მიმდინარე წლის 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2019 („მტკიცე სული 2019“) უმასპინძლებს. სწავლება სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 27 ივლისს გაიხსნება.
„მტკიცე სული 2019“ საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. შესაბამისად, სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“.
წლევანდელი სწავლება სამ ლოკაციაზე – სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება, რომელშიც ნატო-ს (NATO) წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში.
სწავლების შესახებ თავდაცვის მინისტრმა დღეს პრეზენტაციაზე ისაუბრა.
„წელს საქართველო უმასპინძლებს მრავალეროვნულ სწავლებას „მტკიცე სული“. აღნიშნული სწავლება გამოირჩევა თავისი მასშტაბებით, კერძოდ კი, მისი რაოდენობა როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ასევე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით არის ორჯერ გაზრდილი, ვიდრე შარშან. ეს სწავლება წარმოადგენს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების წვრთნების ერთ-ერთ ეტაპს, რომელსაც ევროპის სარდლობის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატები ატარებს სამხრეთ ფლანგზე და მისი მიზანია, მრავალეროვნულ გარემოში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გავზარდოთ ჩვენი ოპერატიული შესაძლებლობები, გაიზარდოს და თავსებადი გახდეს ჩვენი თავდაცვითი უნარები. რაც ასევე ახალი კომპონენტია აღნიშნული სწავლების ფარგლებში, ეს არის შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება. სწავლებაში მონაწილეობს ნატო-ს 14 წევრი და პარტნიორი ქვეყანა და რაოდენობა აჭარბებს 3000 სამხედრო მოსამსახურეს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ლევან იზორიას შეფასებით, საქართველო აღნიშნული სწავლებით განამტკიცებს თავის მთავარ პოლიტიკურ პრინციპს – „მეტი ნატო საქართველოში“.
„დარწმუნებული ვარ, აღნიშნული სწავლება ჩატარდება ძალიან წარმატებულად და კიდევ ერთხელ ამ აქტიურობით განვამტკიცებთ ჩვენს მთავარ პოლიტიკურ პრინციპს, რასაც ჰქვია „მეტი ნატო საქართველოში“, და რაც პრაქტიკული საფუძველი უნდა იყოს მომავალში ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ლევან იზორიამ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე.