26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკო-ს ცნობით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს.

„წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას.

გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238 ამომრჩეველმა მომართა.

სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ია. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება.

საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, საიდანაც 12 – პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი. რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს – 42 ქვეყნის 53 ქალაქში შექმნილია 67 საარჩევნო უბანი. არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები ცესკო-ს ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში ამომრჩევლებმა გადაამოწმეს 1 311 773-ჯერ, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი – 29 277 -ჯერ.

მას შემდეგ, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო სიები ყველა შესაბამისი უწყებისგან, დამუშავდა აღნიშნული მონაცემები და განხორციელდა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით მათი დაყოფა. ამჟამად ამომრჩეველთა ერთიანი განახლებული სია ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია.

აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული პარტიებისთვის და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. სიის საჯარო ვერსიის გაცნობის საშუალება აქვთ ამომრჩევლებსაც უშუალოდ საარჩევნო უბნებზე.

საარჩევნო წლის მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციისგან ამომრჩეველთა ერთიანი სია სხვადასხვა დროს გაითხოვა 4-მა პარტიამ და ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რაც ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა სიის ხელმისაწვდომობა მისი გადამოწმების მიზნით იყო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება სხვადასხვა უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს ამ პროცესში მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციისთვის. ასევე, მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისთვის, მონაცემების გადამოწმებისა და სიების სრულყოფის პროცესში შეტანილი წვლილისთვის. არჩევნები საერთო საქმეა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.