26 ოქტომბერს დაღუპული ბექა რუსიას ოჯახის წევრები დამნაშავის დაკავებას ითხოვენ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში საგუშაგოზე 26 ოქტომბერს დაღუპული ბექა რუსიას ოჯახის წევრები, საგუშაგოს უფროსის ალექსანდრე კვიჟინაძის დაკავებას ითხოვენ.
დღეს ბექა რუსიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც საქმეზე ბრალდებულმა დავით ჯალაღანიამ წარდგენილ ბრალში თავი დამნაშავედ სცნო.
მისმა ადვოკატმა, ნინელი ქოიავამ ბრალდებულის 10 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ბექა რუსიას ოჯახის ადვოკატის, როლანდ შონიას განცხადებით, ოჯახი ითხოვს, საგუშაგოს უფროსის ალექსანდრე კვიჟინაძის დაკავებას, რადგანაც იარაღი, რომლიდანაც ჯალაღანიამ გაისროლა, სწორედ მას ეკუთვნოდა.
შემთხვევა 2017 წლის 26 ოქტომბერს მოხდა. მუჟავას საგუშაგოზე უფროსის ტაბელური იარაღიდან გასროლით შსს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელი ბექა რუსია დაიღუპა.