26 მაისს მსოფლიოს დედაქალაქების ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდება.
სლოვენიაში, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიუბლიანას ციხე-სიმაგრე;
თურქეთში, ქალაქ ანკარაში ე.წ. “ანკარის ტყუპი ცათამბჯენი”;
ლიტვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა – სამი ჯვრის მონუმენტი.
საქართველოს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს დროშები აღიმართება ესტონეთის ქალაქებში ტარტუს, პიარნუსა, ვილაინდის ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ, ხოლო ტალინის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამონტაჟდება საქართველოს დროშები.
საქართველოს ეროვნული სიმბოლო გამოფენილი იქნება ირლანდიაშიც დუბლინის ცენტრში, კანადაში ოატავას მერიის შენობაზე და სხვა ცენტრალურ შენობებზე.
საიუბილეო თარიღს აღნიშნავენ ლატვიაში, სადაც რიგაში, საქართველოს საელჩოს შენობის წინ მოლზე განთავსდება საქართველოს დროშის ამსახველი ყვავილების კომპოზიცია.
მოლოცვებს შეურთდება ლიტვაც, სადაც ქალაქ ვილნიუსის თბილის სახელობის სკვერში განთავსდება ე.წ. ჰაშტაგმონუმენტი (GAMARJOBA), რაც საქართველოს და ქართული ენის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ასევე, უკვე ტრადიციულად, ქართული ჩოხით შეიმოსება ბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis და ბრიუსელის ქართული ეკლესიის მგალობელთა გუნდის მიერ შესრულდება საქართველოს ჰიმნი.
საიუბილეო თარიღის შესახებ ინფორმაცია და ვიდეორგოლები მთელი დღის განმავლობაში იტრიალებს ტალინის, კიშინაუსა და სხვა დედაქალაქების ცენტრალურ მოედნებზე განთავსებულ ბილბორდებზე.
საჯარო საზეიმო ღონისძიებების პარალელურად ხორციელდება მთელი რიგი შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები, ჩატარდება კონფერენციები და მიღებები ადგილობრივი სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური წრეების და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.