26 მაისს 100 წლის წინანდელი ორი სამხედრო მარში შესრულდება, – ამის შესახებ პირველ არხს მარშების ავტორის ვალერიან მიზანდარის შთამომავალმა ლევან მიზანდარმა განუცხადა.
მისი თქმით, „მერანი“ და „გამარჯვების“ მარში 1918 წელს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების პერიოდში დაიწერა. ლევან მიზანდარის განმარტებით, მისი წინაპრის ვალერიან მიზანდარის სახალხო გვარდიის ორკესტრი სამხედრო მარშებს ჩოხებში და ფაფახებში გამოწყობილი ასრულებდა. ლევან მიზანდარის თქმით, 100 წლის წინანდელი ქართული სამხედრო მუსიკა 8 წლის წინ კონსერვატორიის ერთ-ერთ არქივში აღმოაჩინეს.
„ვალერიან მიზანდარი ერთ-ერთი პირველი თაობის ქართველი დირიჟორი იყო. რომელმაც 1917 წელს დიდი სამხედრო ორკესტრი დაარსა. ამ სამხედრო ორკესტრს 1918 წელს სახალხო გვარდიის ორკესტრი ეწოდა. სახალხო გვარდიის ორკესტრი გასაბჭოებამდე ამ სახელს ატარებდა. მარშის შესრულების დროს ორკესტრის წევრები ჩოხებში და ფაფახებში გამოწყობილები გამოდიოდნენ. ამის ამსახველი კადრები ეროვნულ არქივშია. უბრალოდ იმ პერიოდის არანაირი ხმოვანი ჩანაწერი არ არსებობს. თუმცა კონსერვატორიის ერთ-ერთ საცავში არქივი აღმოჩნდა და ზედ მიზანდარი ეწერა. 2010 წელს ეს ყუთი მომიტანეს და შემდეგ ხელნაწერთა ცენტრში დავაბინავეთ. ამ ყუთში 100 წლის წინანდელი ქართული სამხედრო მუსიკა აღმოჩნდა. მარშებიდან ორი ამ თვეში ჩვენმა ორკესტრმა გააცოცხლა და ხვალ, 26 მაისს 100 წლის წინანდელი ეს ორი მარში შესრულდება. ერთია მარში „მერანი“ და მეორე „გამარჯვების“ მარში”, – განაცხადა ლევან მიზანდარმა
ლევან მიზანდარის განმარტებით, ვალერიან მიზანდარი პირველი ქართველი კომპოზიტორის ალოიზ მიზანდარის ძმიშვილია.
”ალოიზ მიზანდარი პირველი ქართველი კომპოზიტორია. ქართული მუსიკა მისი შემოქმედებით იწყება. ის მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის პირელ ათწლეულში მოღვაწეობდა. ალოიზ მიზანდარი 1912 წელს გარდაიცვალა. ის კონსერვატორიის და ქართული საფორტეპიანო სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელია. ვალერიან მიზანდარი ალოიზ მიზანდარის ძმიშვილია”, -განმარტა ალოიზ და ვალერიან მიზანდარების შთამომავალმა.