26 მაისის საქმის მოწმე - თავიდან სისხლი მომდიოდა, პოლიციელებს ვეუბნებოდი, დიაბეტი მაქვს, რამე არ დამემართოს-მეთქი
2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე დღეს მოწმე ზურაბ იმერლიშვილი დაიკითხა, რომელიც საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი. მოწმემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიხსენა, რომ 26 მაისს ანტისამთავრობო მიტინგზე იმყოფებოდა და უკვე ღამის 12 საათისთვის აქციიდან წასვლას აპირებდა, თუმცა ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო მობილიზებული და ტერიტორიიდან წასვლა ვერ მოახერხა.
„12 საათი ხდებოდა, რომ წასვლას ვაპირებდი, მაგრამ დავინახე, სპეცრაზმი მისული იყო რუსთაველის მხრიდან, პარლამენტის და ქაშუეთის ეკლესიის მხრიდან, მერე დავიძარი თავისუფლების მოედნისკენ. ამ დროს დაიწყეს მოწოლა სამართალდამცველებმა. ყოფილ პიონერთა სასახლესთან რომ მივედი, ერთმა შემაგინა და თავში უკნიდან ხელკეტი დამარტყა, მერე – ფეხებში და ალბათ იმაზე გამწარდნენ, რომ წავიქეცი. მერე სამი მოვიდა და სამგან მქონდა თავი გადაჩეხილი. როცა დამაგდეს და ხელები შემიკრეს, მერე წამიყვანეს და მეტროსთან დამაგდეს. სისხლი მომდიოდა. დიაბეტი მქონდა. ვუთხარი პოლიციას, რამე არ დამემართოს-მეთქი. სისხლი მომდიოდა და დაფარული მქონდა სახე. მერე მიკროავტობუსებით წაგვიყვანეს პოლიციის სამმართველოში, იქ შემოდიოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ხალხს, კაცს პირი გააღებინეს და ჩააფურთხეს“, – განაცხადა მოწმე ზურაბ იმერლიშვილმა.
მოწმის ამ ჩვენებაზე საქმეზე ბრალდებულების, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატები ამბობენ, რომ არცერთი დაზარალებული მათი დაცვის ქვეშ მყოფს არ ასახელებს, რომ ისინი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ბრალდების მხარე კი ამტკიცებს, რომ მომიტინგეების დარბევა სწორედ ამ ბრალდებულ პირთა ორგანიზებული იყო.
ამ საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.
საქმის განხილვა 31 ივლისს, 10:00 საათზე გაგრძელდება, სადაც კიდევ ერთ მოწმეს გამოკითხავენ და ასევე სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს.