26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე დღეს პროკურატურის ერთი მოწმე, ბექა ჯავახაძე დაიკითხა. მოწმე 2011 წლის აქციის დროს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი იყო და მიტინგს აკვირდებოდა.
ჯავახაძის განმარტებით, აქციის მონაწილეებს, მათ შორის მას, არ ჰქონდათ საშუალება დაეტოვებინათ რუსთაველის ტერიტორია, ვინაიდან სამართალდამცავებს ქუჩები ჩაკეტილი ჰქონდათ.
მოწმემ, რომელიც ასევე დაზარალებულია, ჩვენებისას აღნიშნა, რომ აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ბრალი ხუთ პირს დავით ახალაიას, გია ლორთქიფანიძეს, ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და ვასილ ლელუაშვილს აქვთ წარდგენილი. მათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავებიან.