26 მაისი წელს ცოდნის გაზიარების მნიშვნელობას ეძღვნება და მისი სლოგანია - ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას ეძღვნება და მისი მთავარი საკომუნიკაციო ფრაზაა #გააზიარეცოდნა.
2019 წლის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები და საკომუნიკაციო კამპანიებიც ამ თემის გარშემოა გაერთიანებული.
„წელს დაგეგმილი ღონისძიებები ეძღვნება ცოდნას, როგორც მამოძრავებელ ძალას, როგორც გზას, რომელსაც თავისუფლებამდე მივყავართ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი ყველა მოქალაქეს აერთიანებს, ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ვყვებით ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე, კულტურაზე, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე და სწორედ ამიტომ, ამ დღის სლოგანია „ეს დღე ჩვენია“, – აცხადებენ 26 მაისის ღონისძიებების ორგანიზატორები.
აღსანიშნავია კამპანია „მკითხე მოამბე“, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი „ფეისბუქის“ გვერდის და მოწვეული სტუმრების საშუალებით ყვება იმ ადამიანებზე, ვისი სახელობის ქუჩებიც თბილისში არსებობს. წლევანდელ სიახლეებს შორის არის დამოუკიდებლობის დღის სიმბოლური კულმინაცია 17:10 საათზე, რომელიც ჰიმნის ერთობლივი შესრულებით აღინიშნება. ეს არის დრო, როდესაც 1918 წლის 26 მაისს ნოე ჟორდანიამ, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარემ, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ჰიმნი „თავისუფლება“ საქართველოს მასშტაბით, მთავარ მოედნებზე, მატარებლებში და ავტობუსებში გაიჟღერებს. წლევანდელ სიახლეებს შორის არის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მთაში. 25-26 მაისს განსაკუთრებული ფესტივალი იგეგმება სვანეთის მოსახლეობისა და მთის სტუმრებისთვის სამ სხვადასხვა ადგილას – მესტიაში, თეთნულდსა და ჰეშკილში.
წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია ტრადიციულად, 26 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება. ცერემონია თბილისში, თავისუფლების მოედანსა და ერთდროულად ხუთ სხვადასხვა რეგიონში გაიმართება – უფლისციხეში, ანანურში, გრემში, ზუგდიდსა და მრავალძალში.
მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩები და აეროპორტები გაფორმებულია 26 მაისის დროშებით. თბილისსა და რეგიონებში – 14 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები, ღვინის დეგუსტაცია, სამეწარმეო ბაზრობები, თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, რომლებშიც ცნობილი ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
26 მაისის ღონისძიებებს თბილისში, თავისუფლების მოედანზე დააგვირგვინებს კონცერტი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მერიის ერთობლივი ძალისხმევით იმართება.
სცენა პროექტ „რანინას“ ფინალს დაეთმობა. აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორის ჩართულობა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება.
26 მაისის ღონისძიებებში ჩართულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და მათ კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.