26 იანვრის ტრაგედია კობის ბრალდება?
26 იანვრის ტრაგედია კობის ბრალდება?

ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება ხანგრძლივი სასამართლო პროცესის მოწმე გახდეს. ამერიკულმა პრესამ გამოაქვეყნა ინფორმაცია ორმხრივი ბრალდებების შესახებ, რომელიც ერთმანეთს წაუყენეს იმ ადამიანების ოჯახებმა, რომლებიც 26 იანვარს, კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ. ლეგენდარული კალათბურთელის, მისი ქალიშვილისა და კიდევ შვიდი ადამიანის დაღუპვა თანამედროვე სპორტის ერთ-ერთი მთავარი ტრაგედია გახდა. მაგრამ ახლა, ინციდენტიდან სამი თვის თავზე, მწუხარებასა და გლოვას სასამართლო პროცესები ცვლის. ასე მაგალითად, კობის ქვრივმა ვანესა ბრაიანტმა უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის, სასამართლოში უჩივლა ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელ კომპანია „აილენდ ექსპრესს“ (Island Express).

ვანესას სარჩელს შეუერთდა კიდევ ოთხი ოჯახი, რომელთა ნათესავები ლოს ანჯელესის გარეუბანში კატასტროფის მსხვერპლნი გახდნენ. „აილენდ ექსპრესი“, საპასუხოდ, ასევე სასამართლოში ჩივილს აპირებს. კომპანიის პრეზიდენტი ბერგ ზობაიანი, რომელიც დაღუპული პილოტის არა ზობაიანის ძმაა, ირწმუნება, რომ პილოტმა მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენა საკუთარ ნებით კი არ გადაწყვიტა, არამედ მან ეს კლიენტის მხრიდან ზეწოლის ქვეშ გააკეთა. ეს კლიენტი კი სწორედ კობი ბრაიანტი იყო, რომელსაც თავისი ქალიშვილის საკალათბურთო მატჩზე აგვიანდებოდა.

პილოტი ვერ აკონტროლებდა დამკვეთებს

ბერგ ზობაიანის ადვოკატთა სიტყვებით, მგზავრებმა იცოდნენ იმ გაუმართლებელი რისკის შესახებ, რომელიც ამ ფრენას უკავშირდებოდა, ავარია კი გამოიწვია რეისის დამკვეთთა მცდარმა გადაწყვეტილებამ – მათ გაფრენა გადაწყვიტეს იმ პირობებში, როცა თვით ლოს ანჯელესის პოლიციამ თქვა უარი ძლიერი ქარის გამო ჰაერში გადაადგილებაზე. „პილოტს არც ჰქონდა დამკვეთთა ქცევის კონტროლის უფლება,“ – წერია „აილენდს ექსპრესის“ შემხვედრ სარჩელში.

ავარიის წინ, ვერტმფრენი საათში დაახლოებით 300 კილომეტრი საათის სიჩქარით, დაბალ სიმაღლეზე ძლიერ ნისლში მიფრინავდა, რის შემდეგაც, უცებ „ცხვირით“ მაღლა წამოიწია და ბორცვს დაეჯახა. ვერტმფრენში მყოფი ცხრა ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ანგარიშის თანახმად, ვერტმფრენის ნამსხვრევების შესწავლისას, ძრავის მწყობრიდან გამოსვლის არანაირი ნიშანი არ აღმოუჩენიათ. არა ზობაიანი ძალიან გამოცდილი პილოტი იყო და დიდი ხანი დაფრინავდა კობი ბრაიანტთან ერთად სწორედ ამ ვერტმფრენით (Sikorsky S-76B), ასე რომ, პილოტირებისას შეცდომაც ასევე ნაკლებად სავარაუდოა.

ზობაიანის, ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის გარდა, ვერტმფრენში იმყოფებოდა ბეისბოლის მწვრთნელი ჯონ ალტობელი, მისი მეუღლე კერი და ქალიშვილი ალისა, რომელიც იმავე ბავშვთა გუნდში თამაშობდა, რომელშიც კობის ქალიშვილი. ასევე მატჩზე მიემგზავრებოდნენ სარა ჩესტერი და მის ქალიშვილი პეიტონი, აგეთვე, კრისტინა მოზერი – სამხრეთ კალიფორნიის დაწყებითი სკოლის კალათბურთის მასწავლებელი. ისინი ვერტმფრენში ორინჯის ოლქის აეროპორტში დაახლოებით 10 საათზე ჩასხდნენ და მიემართებოდნენ ვენტურას ოლქის აეროპორტში. იქიდან უნდა წასულიყვნენ თაუზენდ-ოკსის ახალგაზრდულ სპორტულ ცენტრში, სადაც NBA-ის ვარსკვლავს უნდა ჩაეტარებინა საკალათბურთო ტურნირი თავისი ქალიშვილის მონაწილეობით.

რისკები და მათი მასშტაბები

ვანესა ბრაიანტი ვერტმფრენების კომპანიის წინააღმდეგ სარჩელში მიიჩნევს, რომ პილოტმა ზერელე დამოკიდებულება და არა საკმარისი სიფრთხილე გამოიჩინა არსებული რისკის მიმართ და დაჟინებით არ მოითხოვა ფრენის შეწყვეტა, რომელიც საფრთხე უქმნიდა ვერტმფრენის მგზავრების სიცოცხლეს.  ამ საქმეში მოპასუხედ გამოდის კომპანია „აილენდ ექსპრესი”, რომლის სამსახურით მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა კობი ბრაიანტი. სარჩელი უკვე შეტანილია სასამართლოში.

ქვრივის აზრით, კობის დაღუპვა პილოტის გაუფრთხილებლობის პირდაპირი შედეგი გახდა და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ კომპანიამ, რომელშიც არა ზობაიანი მუშაობდა. მაგრამ დაღუპული პილოტის ძმა არ ეთანხმება საკითხის ამგვარად დაყენებას და მიიჩნევს, რომ გაუფრთხილებლობა სწორედაც რომ კობიმ გამოიჩინა. „ბრაიანტი და მისი ქალიშვილი აცნობიერებდნენ ფრენის ყველა გარემოებასა და საფრთხეს, ასევე აფასებდნენ რისკებსა და მათ მასშტაბებს, – წერია ვერტმფრენების კომპანიაში. – მათ ნებაყოფლობით აიღეს საკუთარ თავზე უბედური შემთხვევის წარმოქმნისა და მგზავრების შესაძლო დაზიანების რისკი ვერტმფრენის ავარიის შემთხვევაში“.

დიდი ალბათობით, მხარეებს შორის ეს დავა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ოჯახების აზრით, ტრაგედიის გამო ვიღაცამ უნდა გადაიხადოს. და გადამწყვეტი ფაქტორი ამ მხრივ არის იმის ძიება, ფორმალურად ვინაა პასუხისმგებელი ფრენის უსაფრთხოებაზე. ჰქონდა თუ არა არა ზობაიანს შესაძლებლობა – ვეტო დაედო სახიფათო ფრენისთვის და თან არ დაეკარგა კომპანიისთვის მეტად ღირებული და სარფიანი კლიენტი? გარდა ამისა, კითხვის ნიშნები არსებობს ადგილობრივი სადისპეტჩერო სამსახურების მიმართ, რომლებმაც სანქცია მისცეს ამ ტრაგიკულ მგზავრობას.