რატომ შეცვალა 8 ნომერი 24-ით - კობი ბრაიანტი და რიცხვების საიდუმლო [ვიდეო]
რატომ შეცვალა 8 ნომერი 24-ით - კობი ბრაიანტი და რიცხვების საიდუმლო [ვიდეო]

2020 წლის 26 იანვარს საკალათბურთო სამყარო ლოს ანჯელესიდან მიღებულმა ამბავმა შეძრა – ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა ლეგენდა კობი ბრაიანტი.

კობი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა რიცხვებს, ამიტომ გადავწყვიტეთ, მისი კარიერიდან რამდენიმე რიცხვი ამოგვეკრიბა.

 

2018 წელს „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდამ კობი ბრაიანტმა ბევრი მსახიობისთვის სანატრელი ჯილდო მიიღო.

ოსკარის 90-ე დაჯილდოებაზე „შავი მამბას“ შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, „ძვირფასო კალათბურთო“, საუკეთესოდ აღიარეს.

მულტფილმის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს გენიალურმა კომპოზიტორმა, ჯონ უილიამსმა და ცნობილმა ანიმატორმა, ჯონ კინმა.

 

2008 და 2012 წლებში კობი ბრაიანტმა ამერიკის ნაკრებთან ერთად ორჯერ მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონობა.

„2004 წელს ოლიმპიადა არგენტინამ მოიგო. ეს კარგია – კალათბურთი ვითარდება, თუმცა საკმარისია! დროა ამერიკამ ტიტული დაიბრუნოს და მსოფლიოს დაანახოს, ვინ არის პირველი,“ – თქვა კობიმ პეკინის ოლიმპიადის დაწყებამდე და განაგრძო:

„როდესაც NBA-ის ჩემპიონობისთვის იბრძვი, ერთი ქალაქისა და შტატის სახელს იცავ. სულ სხვა გრძნობაა აშშ-ის ღირსების დაცვა. ამიტომ ოლიმპიადებზე სათამაშოდ საკმარისზე მეტად მოტივირებული მივემგზავრებოდი“.

 

ბრაიანტის მამა კალათბურთელის კარიერას იტალიაში ასრულებდა. კობი აპენინებზე დაიბადა და ამიტომაც, ინგლისურის პარალელურად, მშვენივრად იცოდა იტალიური.

კარგად შეისწავლა ესპანურიც. სხვათა შორის, მისი ცოლის, ვანესას, მშობლიური ენა სწორედ ესპანურია. იგი წარმოშობით მექსიკიდანაა.

 

კობი ბრაიანტი და ბობ პეტიტი რეკორდსმენები არიან. მათ NBA-ის ვარსკვლავთა მატჩის (რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება) საუკეთესო კალათბურთელის ტიტული (MVP) ოთხ-ოთხჯერ აქვთ მოგებული.

„ლეიკერსის“ ლეგენდამ ეს ჯილდო 2002, 2007, 2009, 2011 წლებში მოიპოვა.

ბობ პეტიტი „სენტ ლუის ჰოქსის“ ღირსებას წინა საუკუნეში იცავდა და MVP-ად 1956, 1958, 1959, 1962 წლებში დაასახელეს.

 

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ჩემპიონებს ბეჭდებით ასაჩუქრებენ. ასეთი ტრადიცია პირველივე სეზონიდან (1947) იღებს სათავეს.

ბეჭედზე იტვიფრება გუნდის სახელი, მოგების წელი და კალათბურთელის ვინაობა.

კობი ბრაიანტმა კარიერა 5 ბეჭდით (2000, 2001, 2002, 2009, 2010) დაასრულა. ყველაზე მეტჯერ ჩემპიონობა „ბოსტონის“ ლეგენდა ბილ რასელს აქვს მოპოვებული – 11-ჯერ (1957-1969 წლების შუალედში).

 

კობი ბრაიანტი პატარაობაში, იტალიაში 8-ნომრიანი მაისურით თამაშობდა. 1996 წელს NBA-ში რომ შეაბიჯა, გადაწყვიტა „ლეიკერსშიც“ იმავე ნომრით ეთამაშა, რაც იტალიაში ჰქონდა.

„მინდოდა, მსოფლიოს ჩემი პატარაობის საყვარელი ნომრით – რვიანით გავეცნე,“ -ამბობდა კობი.

სწორედ 8 ნომრით მოიპოვა სამი ჩემპიონობა „ლეიკერსთან“ ერთად. რვიანი მაისურით (რომელიც 2006 წლამდე ეცვა) მისი საშუალო სტატისტიკა ასეთია: 23.9 ქულა, 5.1 მოხსნა, 4.5 პასი, 1.5 ჩაჭრა, 0.6 დაფარება.

 

ბრაიანტი NBA-ის ისტორიაში მეორე კალათბურთელია, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ (17 წლისა) უნივერსიტეტის გაუვლელად ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოხვდა.

იცით, რატომ არის ეს იშვიათი შემთხვევა?

„ამერიკის ნაციონალური ასოციაცია მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა, რომელში თამაშზეც ნებისმიერი კალათბურთელი ოცნებობს. თუმცა მხოლოდ რჩეულების ხვედრია NBA-ის გუნდის მაისურის მორგება. ნიჭისა და ბუნებრივი მონაცემების პარალელურად, უმაღლესი ფიზიკური მომზადებაცაა საჭირო,“ – ეს ზაზა ფაჩულიას სიტყვებია, რომელმაც NBA-ში 17 წელი გაატარა.

სწორედ ფიზიკური მომზადებაა „დამნაშავე“, რატომაც ვერ ხვდებიან 17-18 წლის ბიჭები საკალათბურთო ასოციაციაში. მათი სხეული არ არის მზად იმ დატვირთვებისთვის, რაც NBA-ის კლუბებშია. განსაკუთრებული მონაცემები უნდა გქონდეს, რომ ჭაბუკობის ასაკში რომელიმე გუნდმა აგიყვანოს და გათამაშოს…

ბრაიანტი სწორედ „განსაკუთრებული მონაცემების“ სპორტსმენი იყო.

 

კობი ბრაიანტმა NBA-ის ვარსკვლავთა მატჩში 18-ჯერ მიიღო მონაწილეობა (1998, 2000-2016). ეს საკალათბურთო ისტორიაში მეორე მაჩვენებელია.

„ოლ სტარში“ მოხვედრის რაოდენობით რეკორდსმენი, ასევე ლეიკერსელი, ქარიმ აბდულ-ჯაბარია – 19-ჯერ ითამაშა 1970-1977, 1979-1989 წლებში.

 

რომ არა გერმანელი დირკ ნოვიცკი, ბრაიანტი კიდევ ერთ საპატიო – ერთგულების რეკორდს დაამყარებდა. კობი NBA-ის ისტორიაში მეორე კალათბურთელია, ერთ კლუბში გატარებული დროის ხანგრძლივობით.

მან 20 სეზონი ითამაშა „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“, დირკ ნოვიცკიმ „დალასში“ 21 სეზონი დაჰყო.

 

2006 წელს კობი ბრაიანტმა 8-ნომრიანი მაისური 24-იანით შეცვალა. ამას თავისებური ახსნა მოუძებნა:

„პატარაობა, როცა 8 ნომრით ვთამაშობდი, დასრულდა. ახლა, კარიერაში მომდევნო ეტაპი იწყება, ახალ სიმაღლეზე 24 ნომრით უნდა ავიდე. დღეში 24 საათია, რაც მეტად შედიხარ ასაკში, მით უფრო გრძნობ კუნთების ტკივილს. სწორედ ამიტომ, 24 საათის განმავლობაში უნდა ზრუნავდე საკუთარ კონდიციებზე. ყოველი დღე წინაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს.“

24-ნომრიანი მაისურით „მამბა“ საშუალოდ 26.3 ქულას, 5.3 მოხსნას, 4.9 პასს, 1.4 ჩაჭრასა და 0.3 დაფარებას აგროვებდა.

შედარებისთვის გთავაზობთ 8 ნომრით მოთამაშე ბრაიანტის სტატისტიკას: 23.9 ქულა, 5.1 მოხსნა, 4.5 პასი, 1.5 ჩაჭრა, 0.6 დაფარება.

 

კობი ბრაიანტი იმ იშვიათ კალათბურთელთა კატეგორიიდანაა, რომლებმაც 25 მატჩში გუნდს 50 და მეტი ქულა მოუტანეს. ეს NBA-ში მესამე მაჩვენებელია.

პირველია უილტ ჩემბერლენი (118 შეხვედრა 50 და მეტი ქულით), მეორე მაიკლ ჯორდანი –  31 შეხვედრა.

ჩემბერლენი NBA-ში 1959-1973 წლებში თამაშობდა, ჯორდანი – 1984-2003 წლებში.

 

კობი ბრაიანტი 34 წლისა და 104 დღისა იყო, როდესაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეკორდი დაამყარა – ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც 30 ათასქულიანი ზღვარი გადალახა.

NBA-ში თუნდაც ერთი ქულის ჩაგდება ურთულესი საქმეა, ოთხნიშნა რიცხვებზე მხოლოდ ვარსკვლავები ადიან. გარდა იმისა, რომ „რობინ ჰუდის“ სიზუსტე სჭირდებათ, ერთგვარი გამართლებაცაა – ყველას როდი უწევს ასოციაციაში 15-20 სეზონის გატარება, ტრავმის გამო არაერთი ვარსკვლავი ჩამქრალა დროზე ადრე…

30 ათასიან ზღვარს NBA-ში მხოლოდ შვიდი კალათბურთელი ასცდა: ქარიმ აბდულ-ჯაბარი (38387), კარლ მელოუნი (36928), ლებრონ ჯეიმსი (33971), კობი ბრაიანტი (33643), მაიკლ ჯორდანი (32292), დირკ ნოვიცკი (31560), უილტ ჩემბერლენი (31419).

საინტერესოა, რომ სიაში საუკეთესო ოთხეული „ლეიკერსის“ წარმომადგენელია.

 

ბრაიანტმა NBA-ში ბოლო მატჩი 2016 წლის 14 აპრილს გამართა. იგი გულშემატკივარს „იუტა ჯაზთან“ შეხვედრით დაემშვიდობა, რომელშიც მისმა „ლეიკერსმა“ „ჯაზმენები“ 101:96 დაამარცხა.

„შავმა მამბამ“ გამოსამშვიდობებელ მატჩშიც დაანახა მსოფლიოს, რომ კიდევ ბევრს სჯობდა: 60 ქულა ჩააგდო!

თამაშის დასრულების შემდეგ კობის სევდა მოეძალა, თუმცა შვილების გახსენებაზე გამხიარულდა:

„ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა პატარებმა ცოცხლად ნახეს, რა შემიძლია. ვუყვებოდი, რომ 50 ქულასაც ხშირად ვაგროვებდი და 81-იც ჩამიგდია. უკვირდათ – მართლა?! თუ არ გჯერათ, Youtube-ზე ნახეთ-მეთქი. ახლა, ჩემი კარიერის ბოლო მატჩში, მათ საკუთარი თვალით ნახეს, როგორ ავედი 60 ქულამდე.“

 

2006 წლის 22 იანვარს „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „ტორონტო რეპტორსი“ 122:104 დაამარცხა. კობიმ 81 ქულა ჩააგდო, რაც მისი პირადი რეკორდი, ხოლო NBA-ში მეორე მაჩვენებელი გახლდათ. პირველია უილტ ჩემბერლენი – 100 ქულა (1962 წლის 2 მაისი).

„ეს არ იყო სიზმარი, მართლა მოხდა – 81 ქულა ჩავაგდე. როგორ მოვახერხე, რთული ასახსნელია“, – ასეთი კომენტარი გააკეთა „შავმა მამბამ“ რეკორდ-მატჩის დასრულებისას.

 

კარიერის დასრულების შემდეგ კობის ქონება 680 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს გუნდური სპორტის წარმომადგენლისთვის უპრეცედენტოდ დიდი რიცხვია.

გარდა იმისა, რომ ბრაიანტი „ლეიკერსში“ მაღალ ხელფასს იღებდა, მის ბიუჯეტში რეკლამიდანაც დიდი ოდენობის თანხა შედიოდა.

1996-97 წლების სადებიუტო სეზონში მისი ხელფასი 1,015,000 დოლარი იყო, კარიერის ბოლო წელს (2015-16-ში) – 25,000,000 დოლარი. 20 სეზონის განმავლობაში 328,237,108 დოლარი გამოიმუშავა.

 

20 სეზონის განმავლობაში კობი ბრაიანტმა NBA-ში 33643 ქულას უწია, რაც, საშუალოდ, მატჩში 25 ქულას უდრის.

მას 1827 სამქულიანი და 9892 ორიანი აქვს რეალიზებული. შედეგიანობის მხრივ ყველაზე ეფექტური 2005-06 წლების სეზონი ჰქონდა – საშუალოდ, 35.1 ქულა მატჩში.

როდესაც ჰკითხეს, რამდენს ვარჯიშობდა სროლებზე, მოცარტის მაგალითი მოიყვანა:

„8 წლის ასაკიდან ძალიან ბევრს ვტყორცნიდი. თუმცა, რას ნიშნავს „ძალიან ბევრი“ პერსპექტივაში? ხალხი ფიქრობს, რომ მოცარტს თავის კომპოზიციებში ძალიან ბევრი ნოტი ჰქონდა. იგი კრიტიკოსებს ნოტების სიჭარბესა თუ სიმცირეზე კი არ ელაპარაკებოდა, მოკლედ პასუხობდა – მაქვს იმდენი, რამდენიც საჭიროა. მეც სწორედ იმდენს ვტყორცნიდი, ვარჯიშებსა თუ თამაშებზე, რამდენიც საჭირო იყო.“

დატოვე კომენტარი